ბიზნესმენებზე, რომლებმაც იმეილის წერაც არ იციან

Lasha Gochiashvili
4 min readMay 15, 2016

გინახავთ ალბათ ბიზნესმენები, რომლებიც ძალიან ბევრ ფულს შოულობენ, მაგრამ საერთოდ ვერ აყვნენ ტექნოლოგიების სიახლეებს... იმეილის გაგზავნაც არ იციან.

ან კი სჭირდებათ რომ?

მოგიყვებით რამოდენიმე მათგანზე.

1. ახლა საქართველოს ელჩია ერთ-ერთ მდიდარ ქვეყანაში:)

ბიზნეს საკონსულტაციოში ვმუშაობდი, როდესაც ერთი ბიზნესმენი მოვიდა დახმარების სათხოვნელად. ჩვენც ჩავეძიეთ რა პრობლემები გაქვთ, კონკრეტულად რა გჭირდებათ. საქმე ისე რთულად იყო, რომ კომუნიკაცია კარგად არ შეეძლო, ვერ გვიხსნიდა რას აკეთებდა, რას ყიდდა, ან შეიძლება არც გვიხსნიდა, მაგრამ უფრო — ვერა. არაფერი არ ჰქონდა, არც საიტი, არც რაიმე დოკუმენტი, სადაც გაკვრით მაინც ეწერებოდა მისი ბიზნესის შესახებ. კომპანიის დასახელებაც თავისი სახელის ინიციალები ჰქონდა :)) როცა საჭირო იყო და იმეილს ვუგზავნიდით, პასუხის გასაცემად ტელეფონზე რეკავდა ხოლმე, როგორც აღმოჩნდა არ იცოდა, როგორ დაეწერა იმეილი.

არადა იმდენ ფულს შოულობს ყველას გვიყიდის ფერარის.

კი მაგრამ როგორ…

ისეთ სერვისს სთავაზობდა სახელმწიფო შენობებს, დიდ საავადმყოფოებს და მსგავს დაწესებულებს, რომ ყველა ტენდერს იგებდა, უფრო სწორედ, უმეტეს შემთხვევაში მარტო მას ჰქონდა სატენდერო განაცხადები, ანუ მისი მსგავსი სერვისის პროვაიდერი კომპანიები არც კი იყვნენ ბაზარზე, საქმე ისე იყო, რომ ხანდახან რამოდენიმე მილიონის ტენდერებსაც იგებდა 30–40%-იანი მარჟებით.

2. დიდუბის შაჰი

ერთ ბიზნესმენს ბათუმში გახსნილი ჰქონდა პატარა მაღაზია, სადაც ძირითადად სანტექნიკას ყიდდა. საქონელი საკუთარი მარშუტკით გადმოჰქონდა თურქეთიდან. ისე აღმოჩდა, რომ მშენებლობების ბუმი დაიწყო იმ დროს და ბევრი კლიენტი გამოუჩნდა. აიღო სესხი საკუთარი სახლის თავდებით, წავიდა თურქეთში და რამოდენიმე ტრაილერი სანქტექნიკის პროდუქცია ჩამოიტანა. დიდი მაღაზია ააშენა. დღეს მას საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი სამშენებლო მასალებისა და სანტექნიკის ჰიპერმაკეტი აქვს და 7–8 ციფრიან ბრუნვაზე ადის წელიწადში.

არადა..

საერთოდ არ იცის როგორ ელაპარაკოს თანამშრომლებს, გინებითაც მთავრდება ბევრი საუბარი. რომ ჰკითხო სტრატეგია რა არისო, შეიძლება ვერც განგიმარტოს. რა ბიზნესს აკეთებს ვერ აგიხსნის რამოდენიმე წინადადებით.

არადა იმდენ ფულს შოულობს ყველას გვიყიდის ფერარის.

3. ბათუმის IBM

მეგობრებს ერთი იდეა მოგვივიდა და რეგიონის ერთ-ერთი ქალაქის ბიზნესმენს დავუკავშირდით და შევთავაზეთ პროექტი. იყო ასე 50 წლამდე. შევხვდით და ვუხსნით ახლა ამ იდეას ცოტა მაღალფარდოვნული ტერმინებით, ეს კი არა, საერთოდ ვერაფერი გავაგებინეთ. გვეგონა, რომ სხვაში აგვერია. იმეილიც არ ქონდა.

არადა…

მთელი რეგიონის მოსახლეობას მისგან აქვს ტექნიკა ნაყიდი. კომპიუტერებიდან დაწყებული მტვერსასრუტით დამთავრებული.

და იმდენ ფულს შოულობს ყველას გვიყიდის ფერარის.

4. ჩვენები ევროპებში

ახლა ცოტა ერთ ჩვენ მეგობარზე. ერთი შებერტყილი ქართველი ბიზნესმენია ევროპაში. დაახლოებით ექვსი სკოლიდან გამოაგდეს, საინტერესო ყოფაქცევის გამო. ალბათ, არც იკითხავთ უნივერსიტეტზე. ოთხ წლიანი კურსი ერთ წელში გაიარა, ნუ drop out გააკეთა. განა რამე მაიკროსოფტი დააარსა, არა, მობეზრდა და ჩინეთში გადაიხვეწა. რაღაც მაიმუნობებს აკეთებდა, ფულს შოულობდა და ასე ცხოვრობდა. ბოლო ორი წელია პოლონეთში ჩამოვიდა, ბედმაც გაუღიმა და ჩართეს ბიზნესში, პოლონელ მუშებს ბატონობმა, მაგრამ ამან ისეთი საქმეები გაჩარხა რომ კაი Q7 მოაგდო და ტიპიური ოლიგარქივით ცხოვრობს. იმეილის სახელი, რომ დავწერო მე თვითონ გამეცინება, დაახლოებით 3 სიტყვაში 5 გინებას ამბობს და ბევრი ისეთი რამ, რაც აქ არ უნდა დავწერო. :D

არადა იმდენ ფულს შოულობს მეც მიყიდის ფერარის.

4. თუ გეგონათ, რომ ასეთები მარტო ქართველებში მოიძებნებოდნენ

და ბოლოს ყველაზე გასაკვირი რამ პოლონელ-ამერიკელ ბიზნესმენზე. ღამის 10 საათზე მირეკავს იგი. კინოში შევდიოდი და ვერ ვასწრებდი საუბარს, ვთხოვე, მესიჯად მოგწერთ მეთქი ხვალინდელი შეხვედრის დეტალებს. მკითხა კინო როდის მთავრდებაო, მესიჯი მივწერე, მაგრამ კინოს დამთავრებისთანავე დამირეკა, მესიჯი არ ვიცი როგორ დაგიბრუნოვო და დარეკვა მირჩევნიაო:)). ვახ, საინტერესოა კაცი 68 ქვეყანაში ყიდის წყლის ფილტრებს და მისი კომპანია ამ სფეროში ერთ-ერთი წამყვანია. სმარტფონში არცერთი აპლიკაცია არ უწერია და საერთოდ ნოკიას სმარტფონ ხმარობს, რომლითაც, ძირითადად, რეკავს აქეთ-იქით და მაქსიმუმ საათს დახედოს. :))

არადა ეს მართლა იმდენ ფულს შოულობს მთელ რუსთავს უყიდის ფერარებს.

და ბოლოს,

რა აქვთ საერთო ამ ბიზნესმენებს?

  1. აქვთ საოცარი უნარი, რომ აიღონ რისკი საკუთარ თავზე.

2. ზუსტად იციან ვინ არის მყიდველი და რისი ყიდვა სურთ ახლა ან მოისურვებენ ხვალ.

3. ყოველთვის ძალიან დიდზე ფიქრობენ და არასდროს კარგავენ დროს პატარა დეტალებზე.

თუ იხალისეთ, ან ცოტათი მაინც საინტერესოდ მიიჩნიეთ, გთხოვთ ქვემოთ დააკლიკეთ გულზე, რომ სხვებმაც ნახონ ეს ჩანაწერი :) დიდი მადლობა და დროებით.

--

--

Lasha Gochiashvili

Data Analytics Manager @ Ingersoll Rand. Data Science MA@ University of Warsaw & Universitat de Barcelona. https://www.linkedin.com/in/lashagochiashvili/