რუსი გოგოები და იტალიელი ბიჭები, ანუ რა გავლენა აქვს ჩვენი ქვეყნის ბრენდს ჩვენზე #სტერეოტიპები და #ისტორიები

Lasha Gochiashvili
4 min readApr 24, 2016

ქართველებზე

#1. გუშინ ფოტოსესია გვქონდა, ფაკულტეტის შენობის კედლებზე სურათები უნდა შეეცვალათ. გვთხოვეს თქვენი ქვეყნის დროშებიც წამოიღეთო, საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტია და უნდა ჩანდეს, რომ ბევრი უცხოელი ხართო. ყველა გამოცხადდა დროშებით. პოლონეთია და ბუნებრივია უკრაინელები ჭარბობდნენ. თოკომ ჩვენი დროშა ამოიღო თუ არა მაშინვე ემოციები გამოიწვია უკრაინელ ლამაზმანებში. ემრე გვახლდა, კაი კაცი, ანკარელი თურქი. მაშინვე მიხვდა რატომ გვაქცევდნენ ყურადღებას, ჩვენი დროშა აიტაცა და დაიწყო აქეთ-იქით სირბილი, გაიძახოდა ქართველი ვარო :)

#2 რაჰული, ვინც არ იცით, ჩვენი ინდოელი მეგობარია. გულიანი, გიგანტური შეხედულების, მთლა ინდოელს არ გავს, გარეგნობა სამხრეთ ევროპულისა და ინდოელის ნარევია, მოკლედ გაგიჭირდება მიხვდე, რომ ინდოელია. ზაფხულში საბერძნეთში ვისვენებდით. ქართველებით სავსე ქვეყანაა და ბუნებრივია პატივისცემა არ მოაკლეს. ქართულ რესტორნებში ქეიფიდან დაწყებული, ჩვენი მეგობრების მიპატიჟებებით. თუმცა, მთლად ბედნიერად ვერ გრძნობდა თავს. საბერძნეთი სავსე იყო პაკისტანელებით და ინდოელებით და მაინცდამაინც კარგი სახელით ვერ სარგებლობდნენ. ახალგაცნობილ მოპირდაპირე სქესის წარმომადგენლებთან საუბრის ხანგრძლივობა გაიზარდა, რაც თავის “ქართველად” გასაღება გადაწყვიტა :d ერთხელ მკითხა “რ” ასოდან რომელი ქართული სახელი იწყებაო :)

#3 ერთ-ერთ ფორუმზე, ინოვაციური პროდუქტი ჰქონდა წარმოდგენილი პოლონელ სტარტაპერს. დავინტერესდი და მივედი, კედელზე ხელის შეხებით მართავდა პრეზენტაციას, ვიფიქრე ჩემს უნივერსიტეტს შევთავაზებ მეთქი. რიგი იყო. ჩემი ჯერი რომ მოვიდა, სადაური ხარო მკითხა, ქართველი მეთქი. ვკითხე დეტალები პროდუქტზე, იმან არც აცია არც აცხელა ხელი მომკიდა და გვერდით გამწია. :)) ჩვენ პოლიტიკურად ახლოს ვართო, ასე უნდა გავაგრძელოთ თქვენი საერთო მტრის წინააღმდეგ ბრძოლაო, რომელიც ჩრდილოეთიდან გაწუხებთო. :) გავუღიმე, სავიზიტო ბარათი გამოვართვი და წამოვედი :)

ესპანელებზე

#4 გიორგი ტაბატაძე ჩვენი მეგობარია, იმან მომიყვა, რომ თურმე, ერთი პოლონელი ლექტორი, ნაბახუსევზე მყოფ ესპანელ სტუდენტებს უხსნიდა, რომ თქვენ სიტყვა “business” და “work” ლექსიკონიდან უნდა ამოიღოთო, მაინც არასდროს მუშაობთო, ევროკავშირის ხარჯზე ზიხართ და ტურისტებს ელოდებითო. ერთი სული გაქვთ ჭამოთ, სიესტაზე გახვიდეთ, მერე ისევ ჭამოთ და დაიძინოთ ან დასალევად წახვიდეთო. დილით კიდევ სახლიდან სამსახურში წასვლის მაგივრად, ბარიდან ღამენათევები დასაძინებლად სახლში მიდიხართო. ესპანელმა სტუდენტებმა: “ვერ გაგამტყუნებთ, მართალი ხართო დოქტორო პროფესოროვო”.

#5 კატალონიელები დანარჩენ ესპანეთს უსაქმურობაში ადანაშაულებენ. თურმე, რაც ქვემო ესპანეთიდან ზემოთ მიდიხარ, საქმისადმი სერიოზული დამოკიდებულებაც იზრდება. ის გეცოდინებათ, ჭამის მერე ნახევარი საათი თუ არ დაიძინეს კატასტროფა მოხდება :d.

იტალიელებზე

#6 რაც არ უნდა ცუდი შეხედულება გქონდეს, რომ თქვა იტალიელი ვარო, ლამაზმანები ყურადღებას არ მოგაკლებენ. დახვეწილი ჩაცმულობა, ხომ ყველგან გამოარჩევთ. თავდაჯერებულობა ისე აქვთ გამჯდარი, თითოეულ მათგანს ჰგონია, რომ დიკაპრიოზე სიმპათიურია. არ გჯერათ? ჰკითხეთ. საუბრის დაწყება, კომპლიმენტები, Bellissimo, ვენეცია, რომი, პიცა, Armani, Ferrari, მეტი რა გინდათ?

#7 ერთი ჩვენი ჯგუფელია ჩვენი მეზობელი ქვეყნიდან, იტალიაში ცხოვრობდა ბოლო ერთი წელი აქ ჩამოსვლამდე. ნუ დამზრახავთ მაგრამ, არც თუ ისე კარგი შესახედაობისაა, მაგრამ კარგი სულის პატრონია )) ერთხელ გვითხრა, რომ იტალიას მისტირის ერთი მარტივი მიზეზის გამო. აქ ძალიან მიჭირს ბიჭებისთვის თავის მოწონებაო, იტალიაში კიდევ ქუჩაში, შუქნიშანზე, მაკდონალდსის რიგში დგომისას თუ კომპიუტერის ხელოსანთან ვიზიტისას იმდენ კომპლიმენტს მეუბნებოდნენ ბიჭები თავი მონიკა ბელუჩი მეგონაო :D

#8 სოპოტი პოლონეთისთვის ისეა, როგორც ბათუმი ჩვენთვის. ერთხელ სტუდენტურ წვეულებაზე მიგვიპატიჟეს მე და ჩემი მეგობარი. ორი ბიჭი დაგვიანებით შემოვიდა, მაშინვე ყველა გოგოს გადაეხვივნენ, ღიმილით ხელზე ეამბორეს, თვალებში შესციცინებდნენ, ზოგს ხელიც გადახვიეს, ყველას რაღაც დეტალი მოუძებნეს და კომპლიმენტი მიაძახეს. ვერ იტყვი რომ გარეგნობით გამოირჩეოდნენ, მაგრამ ფაქტია ყურადღების ცენტრში მაშინვე მოხვდნენ:) მიხვდებით სადაურებიც იყვნენ.

გერმანელებზე

#9 ამათ ვერ გავუგე. სტერეოტიპები კია — უხეში და მოსაწყენები არიანო და საქმეში მაგრებიო, მაგრამ მე ვისაც შევხვდი ყველა ერთმანეთისგან განსხვავებულია. მასწავლებლები 5-იანს გიწერენ თუ გერმანელი ხარ :დ (პოლონეთში). ორი გოგო მახსოვს, რომლებიც ისეთი ჰიპერაქტიულები და კომუნიკაბელურები იყვნენ სამ ჯერზეც ვერ გამოიცნობდი საიდან იყვნენ. ერთი ბიჭიც კიდე მასეთი.

სკანდინავიელებზე

#10 პორტუგალიაში, გზის ნაპირზე, საბროკერო კომპანიის ბილბორდია, სადაც მარტივი და ბევრის მთქმელი წინადადება წერია, წინადადება კი არა უფრო — თხოვნა: ¨Dear Portuguese, if you have apartment for rent or sale, please let us know, there are a lot of Scandinavians who are freezing¨

#11 სტოკჰოლმი ლამაზიაო იძახიან, მაგრამ ვერ გავუგე როგორ დაადგინეს, როდისღა ნახეს ქალაქი, ისე ბნელა, ქუჩაში დღისით რომ გახვიდე და გაისეირნო ფანარი დაგჭირდება. მახსოვს კვირა დღე იყო, მზემ გამოანათა და ყველა ისე უყურებდა მზეს — როგორც კინოებში UFO-ს თეფში რომ ჯდება ქალაქის თავზე და გაკვირვებულები შეჰყურებენ, აი ასეთი სურათი იყო. სამაგიეროდ, ყველაზე განვითარებულები არიან, ალბათ იმიტომ, სულ რომ ცივა. აი წარმოიდგინეთ, ბაბუაჩემი პაპანაქება სიცხეში იმიტომ მუშაობდა, რომ ზამთრის ეშინოდა :D ესენიც ალბათ მენტალურად მიჩვეულები არიან, რომ არ იმუშაონ, სახლი არ გაათბონ და საჭმლის ფული არ მოაგროვონ, გაიყინებიან ზამთარში. იმ ქვეყნებში სადაც სიცხეა, მაგალითად, ესპანეთში, იტალიაში, სადმე რომ რამის მარცვალი გადააგდო, რაღაც გაიხარებს, ალბათ მაგიტომაც გაზარმაცდნენ.

გაგრძელება იქნება…

--

--

Lasha Gochiashvili

Data Analytics Manager @ Ingersoll Rand. Data Science MA@ University of Warsaw & Universitat de Barcelona. https://www.linkedin.com/in/lashagochiashvili/